აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო
მიზნები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო თავისი სამოქმედო არეალით განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროებში აძლიერებს და ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და ახორციელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერას ფართომასშტაბიანი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების გზით.
თავისი აქტივობებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას.
განათლება
განათლების სფეროში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს განათლების რეფორმისა და ზოგადი განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.” www.mes.gov.ge/მისია.
2009 წლის ივლისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა სამშვიდობო განათლების პრიორიტეტები, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს დევნილი მოსახლეობის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით.