კითხვა: ვსწავლობ გალის რ–ნის ერთ–ერთ სკოლაში ვინაიდან ჩვენთან სწავლა მე–11 კლასის ჩათვლითაა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 12–წლიანი სწავლებაა, ხომ არ შემიქმნის ეს პრობლემას ერთიანი ეროვნულ გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად?
პასუხი: არ შეგექმნებათ აღნიშნული მიზეზით პრობლემები, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის #147 ბრძანების შესაბამისად დამტკიცდა „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესი“. ამ წესის თანახმად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს იმ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარებას, რომელთაც ბოლო 2 წელი ისწავლეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში). ამ აღიარების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაიცემა შესაბამისი ატესტატი, რომელიც წარმოადგენს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის საფუძველს.
კითხვა: რა შეღავათებია დაწესებული ოკუპირებულ ტერიტორიებიდან ჩამოსული სტუდენტებისათვის?
პასუხი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხულ სტუდენტებთან მიმართებაში მოქმედებს შეღავათი სწავლის ქირის გადახდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ყოელწლიურად საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება იმ სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა (2009 წელს გამოყოფილი იყო დაფინანსება 100 სტუდენტზე), რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისწავლეს ბოლო 2 წელიწადი და ჩაირიცხნენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ ან პროფესიულ პროგრამებზე.
კითხვა: ვარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის შვილი. მეკუთვნის თუ არა რაიმე შეღავათი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში?
პასუხი: დიახ, საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში თქვენ დაფინანსდებით სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში.
კითხვა: ვარ აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი. მაინტერესებს რა დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება შრომის სტაჟის აღდგენა?
პასუხი: თქვენს მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: უპირველესად მოგვმართეთ განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. განმცხადებლის დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი (თუ შემოგრჩათ).
შედეგად, სამინისტრო გასცემს წერილს სასამართლოში წარსადგენად, შრომის სტაჟის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
კითხვა: მაინტერესებს, რა დროით განისაზღვრება შრომის სტაჟის აღდგენასთან დაკავშირებული პროცედურები?
პასუხი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.
კითხვა: რამდენად მისაწვდომია თქვენს უწყებაში საჯარო ინფორმაცია?
პასუხი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
კითხვა: ვარ სპორტსმენი აფხაზეთიდან.ხშირად ვღებულობ მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში.მაინტერესებს, რამდენად შეუძლია სამინისტროს ფინანსურად დამეხმაროს ამ ტურნირებში მონაწილეობის მიღებაში.
პასუხი: აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობა სამინისტროს ერთერთი პრიორიტეტია, რისთვისაც ის კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებს. კერძოდ, სამინისტროს ”სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის”(საორგანიზაციო კოდი 060301)ფარგლებში გათვალისწინებულია აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების დაფინანსება(მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება) ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის.
კითხვა: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გავხდი სტუდენტი.ვერ მოვიპოვე სასწავლო გრანტი. ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებულია თუ არა რაიმე სახის დახმარება ჩემნაირი კატეგორიის სტუდენტებისათვის?
პასუხი: სამინისტრო ”განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში (საორგანიზაციო კოდი 060306) ახორციელებს ”წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის” ქვეპროგრამას. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა მათი სწავლების საფასურის , სხვადასხვა კონკურსებსა და ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. დაუკავშირდით სამინისტროს განათლების სამმართველოს (ტელ: 950324) და მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების შესახებ.
კითხვა:ვარ აფხაზეთიდან დევნილი. ვსწავლობ მაგისტრატურაში. ვაწარმოებ კვლევით სამუშაოებს, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ხომ ვერ დამეხმარებოდა სამინისტრო ამ ხარჯების ანაზღაურებაში?
პასუხი: სამინისტრო ახორციელებს პროგრამას ”აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერა” (საორგანიზაციო კოდი 060308).პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა, კვლევებისათვის საჭირო მინიმალური სამეცნიერო ინფრასტრუქტურის შექმნა, სამეცნიერო ხასიათის შეხვედრების ან კონფერენციების ორგანიზება. შესაძლებელია მეცნიერებზე გაიცეს მცირე სამოგზაურო გრანტები. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად აფხაზეთიდან დევნილი ფიზიკური პირები (დოქტორანტი, მაგისტრანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები , აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები) წარმოადგენენ შესაბამის პროექტებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში.
პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდის ბლოკში ”მეცნიერება”.
კითხვა: მაინტერესებს , შესაძლებელია თუ არა თქვენს სამინისტროში სტაჟირების გავლა?
პასუხი: არაკვალიფიციური კადრების გადამზადების, მათი პროფესიული დონის ამაღლების, პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. ამისათვის შემუშავებულია ”აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი”.
თვალყური ადევნეთ სამინისტროს ვებ-გვერდს და მიიღებთ ინფორმაციას სტაჟირების პროცესის დაწყების შესახებ.