ფლორა შედანიასა და მიხეილ ჩუბინიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო
ხუთშაბათი, 8 დეკემბერი 2011
8 დეკემბერს,   აფხაზეთის  ა/რ  განათლებისა  და  კულტურის  სამინისტროს  ინიციატივით,  ფლორა შედანიას და მიხეილ ჩუბინიძის დაბადებიდან  100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი   საღამო გაიმართება   ნ.დუმბაძის   სახელობის  სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო (მოზარდმაყურებელთა)თეატრში. ფლორა შედანია და მიხეილ ჩუბინიძე  აფხაზეთის  ინტელიგენციის  ღირსეული   წარმომადგენლები,  თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები გახლდნენ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აფხაზეთში ქართული კულტურის განვითარების საქმეში.
 
            კოტე მარჯანიშვილის მოწაფე,  მიხეილ ჩუბინიძე 1939 წლიდან სოხუმის სახელმწიფო ქართულ დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა, სადაც შედგა მისი დებიუტი  მნიშვნელოვანი როლით  გიორგი სააკაძე (სანდრო შანშიაშვილის დრამა „უგვირგვინო მეფენი“). მის მიერ შექმნილმა სცენურმა სახეებმა,  ჯერ სოხუმში, შემდეგ კი, დევნილობის პერიოდში, თბილისში,განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი მაყურებელს. (მათ შორის: პრეზიდენტი, ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“;  ბახა,  ვაჟა ფშაველას „მოკვეთილნი“;  გიჟუა, ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“; ხევისბერი გოჩა, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“; მამამზე ერისთავი, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და მრავალი სხვა). აღსანიშნავია,  მიხეილ ჩუბინიძის შესრულებული  კინოროლებიც (ნუგზარ ერისთავი, “ხევისბერი გოჩა“ და პეტრე, „მიხა“ ).
 
            ფლორა შედანიას, მიხეილ ჩუბინიძის მეუღლეს, თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში 100–ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული.(მათ შორის:  ვიოლია და ცეზარია , შექსპირის „მეთორმეტე ღამე“;  ბებია, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“). იგი, ასევე, მონაწილეობდა ისეთი ცნობილი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებში, როგორებიც არიან : გიორგი შენგელაია („ქვიშანი დარჩებიან“), თემურ ბაბლუანი („უძინართა მზე“), გიგა ლორთქიფანიძე („დათა თუთაშხია“), გოგი ქავთარაძე („ოქროს ობობა“) და სხვ.
 
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 99/1 ნ.დუმბაძის სახელობის   სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო (მოზარდმაყურებელთა)თეატრი. 
დასაწყისი 18:00საათი./