გაიმართა მრგვალი მაგიდა - ,,აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალურ საკითხებზე“
ორშაბათი, 2 მარტი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები“. მრგვალ მაგიდას უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.

ქართულენოვან სკოლებში აფხაზური ენის სწავლების, შესაბამისი მეთოდიკისა და პროგრამის, აფხაზური ენის სახელმძღვანელოსა და სხვა ლიტერატურის  შედგენა და გამოცემა... ამ და კიდევ სხვა, აფხაზური ენის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების შეჯერების მიზნით მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ენათმეცნიერები, ისტორიკოსები, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

თავდაპირველად ხაზგასმით ითქვა ქართულენოვან სკოლებში აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე. როგორც მანანა ქვაჩახიამ დასაწყისშივე აღნიშნა,  „საქართველოში არსებობენ ცალკეული ინსტიტუტები,  სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ აფხაზური ენის განვითარებაზე, მაგრამ როგორც საკითხის კვლევისას აღმოჩნდა, მათ შორის კოორდინირებული მუშაობა არ არის. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის საქმიანობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ“.  

შემდეგ საუბარი ამ ხარვეზის ამოვსებისა და  აფხაზური ენის ჩვენ საჯარო სკოლებში დანერგვის კონკრეტულ გზებსა და საშუალებებზე შეჩერდა. როგორ, რა ფორმით, რა რესურსებით შეიძლება განხორციელდეს ყოველივე ეს, ამასთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ხედვები გააცნეს მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, სსუ-ს აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი თემურ გვანცელაძე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები.

ხანგრძლივი დისკუსიის და აზრთა შეჯერების შემდეგ გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, და რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს აფხაზური ენის სწავლების თვალსაზრისით; შემუშავდეს აფხაზური ენის სწავლების პილოტური პროგრამა, სავარაუდოდ, დასაწყისისთვის აფხაზური ენის სწავლება დაიწყოს თუნდაც აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენაა და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მის განვითარებაზე იზრუნოს, ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, მით უმეტეს, რომ აფხაზეთში აფხაზური ენის განვითარების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები არსებობს. ამდენად, მთელი ძალისხმევით ვიზრუნებთ ამ მხრივ არსებული საკითხები დროულად და საფუძვლიანად მოვაგვაროთ და დასაწყისისთვის აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლება შემოვიღოთ. შესაბამისი დახმარების გაწევას დაგვპირდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო."

დარბაზში გამოფენილი იყო  აფხაზოლოგიის სასწავლო ლიტერატურა. ამ შეხვედრაზევე შედგა  აფხაზური ენის სასწავლო გაკვეთილების ელექტრონული პროგრამის მეორე დონის - დისკის პრეზენტაციაც. ეს ელექტრონული გაკვეთილები უკვე გააქტიურებული და განთავსებულია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.meca.gov.ge) და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.
/