„ვალერი არქანიას არტ-გალერეაში“ ფელიქს შაკაიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა -„ილორის ანარეკლი“ გაიმართება
ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „ვალერი არქანიას არტ-გალერეაში“ 2015 წლის 9 ოქტომბერს, 17 საათზე აფხაზეთის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის ფელიქს შაკაიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ილორის ანარეკლი“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი 40-მდე  ფერწერული ტილო.

ფელიქს შაკაია დაიბადა 1951 წელს ქ. ოჩამჩირეში. უმაღლესი განათლება  ქ. ლენინგრადში მიიღო. 1980 წლიდან მუშაობდა გეოლოგიაში. არის სანკტ-პეტერბურგის მინერალოგიის საზოგადოების წევრი. 1988 წ. ქ. ოჩამჩირეში გახსნა ქვის მხატვრული დამუშავების სკოლა „ევრიკა“.  2011 წლიდან აქტიურად დადის დიდი თანამედროვე ქართველი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის სახელოსნოში და ეზიარება  მის ხელოვნებას.

„ფელიქს შაკაია თვითნასწავლი, ფერწერით გატაცებული შემოქმედია. მის გულწრფელ და უშუალო ნამუშევრებში იგრძნობა ნიჭიერება, რაც მთავარია, სიყვარული იმ არჩევანისა, რომელსაც ერთგულად ემსახურება და ჩემი აზრით საკვირველ შედეგსაც აღწევს. მისი ფერწერა თანამედროვე მასალების გრძნობების უნარით, მეტყველი სახოვნებით და ნათელი ტონალობით გამოირჩევა. ბუნებრივია, ყოველივე ეს ტექნიკური სირთულის დაძლევასთან ერთად დიდ გრძნობასა და განცდასაც მოითხოვს, რის გარეშეც საერთოდ არ იქმნება არც ფერწერული ტილო, არც ლექსი, არც ხელოვნების რომელიმე სხვა სფეროს ჭეშმარიტი ნიმუში. ჩემი აზრით, ამასთანავე, შემდგომი შრომა და ძალისხმევა საწინდარი გახდება ფელიქს შაკაიას წინსვლისა და წარმატებისა,  რასაც გულით ვუსურვებ“, - წერს  მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე.                                                                                             /