აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს ვახტანგ ყოლბაია და დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015
სენაკში არსებულ აფხაზეთის  №7 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის სხვა საჯარო სკოლების მსგავსად, მიმდინარე სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. 29 ოქტომბერს ამ  სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია დაესწრნენ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება მიმდინარეობს აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამის, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელოს, ლექსიკონისა და თვალსაჩინოებების, ფერადი ილუსტრაციების, რუკების, ფოტოებისა და ვიდეომასალის დახმარებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უკვე წლებია, რაც აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. შეიქმნა აფხაზური ენის შემსწავლელი ელექტრონული პროგრამა და აფხაზური ენის აუდიო გაკვეთილები,რომლებიც აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდებზეა განთავსებული. მათით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრების წინაშე აფხაზურ ენაზე წარმოადგინეს მინიატურები, ლექსები და სიმღერები. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის თქმით, მოსწავლეებმა თვალნათლივ უჩვენეს, რომ ისინი დიდი ინტერესითა და წარმატებით ეუფლებიან აფხაზურ ენას.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით,  2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება, შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე ამზადებს. მისივე თქმით, ეს აფხაზი ხალხისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქართული და აფხაზური ენები ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენებია. ამიტომ, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ, ენგურს გამოღმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებში შემოვიღოთ აფხაზური ენის სწავლება. რთული ენაა თავისთავად და როგორც ყველა ენას, მასაც სჭირდება სერიოზული მომზადება და მიდგომა. გადავწყვიტეთ, საწყის ეტაპზე სწავლება შემოვიღოთ მხოლოდ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. იმ განზრახვით, რომ ამ ეტაპზე მოზრდილი ბავშვები უკეთ აითვისებენ სალაპარაკო ენას. 2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლებას პირველი კლასიდან დავიწყებთ. სწორედ ამ მიზნით, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩვენთვის შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას ამზადებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მასწავლებელთა ტრენინგები, შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება-დასტამბვა.

ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ დრო, რომ 2017  წლიდან მასობრივად შევუდგეთ აფხაზური ენის სწავლებას. ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული ამოცანა და განზრახვაა. უწინარესად, ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზური ენის დაცვასაც და განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ აფხაზური ენა, რომ გარდატეხა მოახდინონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, აღადგინონ ურთიერთგაგება, ნდობა და სიყვარული. ვფიქრობ, რომ აფხაზური ენის შესწავლა იქცევა ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად ქართულ-აფხაზური ხიდის აღდგენაში, რომელსაც გულმოდგინედ აშენებს მთელი საქართველო",- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
 /