დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის საიუბილეო წელი დოკუმენტური ფილმის „უდროობის გმირი“ პრემიერით დასრულდა
სამშაბათი, 3 ნოემბერი 2015
საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის(1919-1921 წწ.) დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
ამსახველი დოკუმენტური ფილმის „უდროობის გმირი“ პრემიერა შედგა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრეთა წინაშე გამოსვლისას აღნიშნა: „ამ ფილმის ჩვენებით  დასრულდა არზაყან ემუხვარის დაბადებიდან 135 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ციკლი, რომელმაც მოიცვა არზაყან ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წიგნის „ქედუხრელი რაინდი“ ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემა; ქალაქ პრაღაში, იმ სახლის ფასადზე, სადაც ემიგრაციის პერიოდში ცხოვრობდა არზაყან ემუხვარი, მემორიალური დაფის გახსნა; ლევილში მისი საფლავის კეთილმოწყობა; თბილისში არზაყან ემუხვარის სახელობის ქუჩის დაფუძნება და მემორიალური კომპოზიციის აღმართვა“.

ფილმის შექმნის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფილმის ავტორმა ნინო ხოფერიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.
დოკუმენტური ფილმი„უდროობის გმირი“ ასახავს ისტორიის ურთულეს პერიოდს - რუსეთის ბრძოლას კავკასიისა და  მათ შორის აფხაზეთისთვის და ქართულ-აფხაზური ერთიანობის ერთგული აფხაზის არზაყან ემუხვარის როლს ამ პროცესებში.
მოგვითხრობს იმაზე, რომ არზაყან ემუხვარი მხოლოდ საქართველოს წიაღში ხედავდა აფხაზი ხალხის გადარჩენას, „საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის განცალკევება შეუძლებელიაო“, - ამბობდა და მხოლოდ ამ პრინციპით მოქმედებდა.

ფილმი შექმნილია უნიკალური დოკუმენტების, ფოტომასალის და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ნაკვალევზე - პრაღაში, სტამბოლში პარიზსა და საქართველოში გადაღებული ვიდეომასალის, იქ ჩაწერილი ინტერვიუების ერთობლიობით.

ფილმი მოამზადა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ არსებულმა სტუდია„ ავტოგრაფმა“.  ფილმის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი- ზვიად მიქელაძე. იდეის ავტორი- ნატომარშანია.

დოკუმენტური ფილმი „უდროობის გმირი“ ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა./