პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ესაუბრა
ორშაბათი, 2 ნოემბერი 2015
ფონდ „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „არტ-გალერეაში“ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ის დამსწრეთ მახათას მთაზე  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ტაძარი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი მართლმადიდებლების მიერ თანაბარი შემოწირულობით შენდება. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა იმაზე, რომ  ფონდი„ივერია“ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დასახმარებლად დაარსდა და  საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, მონაწილეობა მიიღოს ტაძრის მშენებლობაში და ყოველთვიურად ხელფასიდან  1 ლარი გაიღოს. ამასთან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვეში თითო ლარი გადარიცხოს თავისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების,გარდაცვლილებისა და სოციალურად დაუცველი პირების სახელზე.
ყოველი ადამიანი, ვინც ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე, ჩაიწერება შემომწირველთა წიგნში, რომელიც მთელი ერის მიერ აშენებულ ტაძარში დაიდება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლები აქტიურად არიან  ჩართულები ტაძრის მშენებლობასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში და ამ თვალსაზრისით თავიანთ სათქმელს კვლავაც იტყვიან./