გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში“
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2015 წლის 22 დეკემბერს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში“.
 
აფხაზეთის კულტურული ფასეულობების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამას“. 

კონფერენციაც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაიმართა. მის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (მოძრავი და უძრავი) წარსულისა და ამჟამინდელი რთული მდგომარეობის შესახებ (როცა ამ ძეგლებს განადგურების საფრთხე ემუქრებათ) მსჯელობა და შესაბამისი ნაშრომების შექმნის წახალისება.

კონფერენცია გახსნა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ოდიშარიამ; სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია წარმოადგინა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ქეთევან დავითაიამ; სამეცნიერო კონფერენციაზე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, ამ კუთხით ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორებმა: ლეილა ხუსკივაძემ, ასმათ ოქროპირიძემ და თამარ ხუნდაძემ; გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ; გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ; სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ; რესტავრატორმა მურთაზ ურიდიამ; აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ატაშემ საქართველოში სამირა აგაევამ.

სამეცნიერო კონფერენციის მასალები გამოიცემა ბუკლეტის სახით და გავრცელდება სამეცნიერო წრეებში, დაეგზავნება საქართველოს მსხვილ ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო და აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლების სამკითხველოებსა და ოკუპირებული გალის რაიონში განთავსებულ საშუალო სკოლებს.

კონფერენციას ესწრებოდნენ სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვ.
 
კონფერენციის მხარდამჭერი იყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი./