საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა.

 ყოველწლიურად განსხვავებული ფორმატით, ახალი სპექტაკლითა და ტკბილეულით დევნილი ბავშვებისათვის წინასაახალწლო საზეიმო განწყობის შექმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უკვე ტრადიციად აქცია.

წლეულს, საახალწლო ზეიმის ფარგლებში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა „თეთრი ტალღა“ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“ წარმოადგინა.

მოზარდები მართლაც ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდნენ და მათ საზეიმო განწყობა შეექმნათ. წარმოდგენას 800-ზე მეტი დევნილი მოზარდი ესწრებოდა. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირის ,,ჰერა“ წარმომადგენლები. ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლების, სასტუმრო „ბახტრიონისა“ და სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი ბავშვები.

დასასრულ თითოეულ მათგანს საჩუქრად ტკბილეული და ნაძვის ხის სათამაშოები გადაეცა. წარმოდგენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო./