აფხაზეთის ვეტერანი სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი სპორტის მუშაკებისა და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე საპატიო სიგელებით და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი შოთა გვილავა, საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე ოთარ ვახანია, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მძლეოსნობაში გივი ხოჭოლავა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში გოგიტა არქანია და საერთაშორისო კლასის დიდოსტატი ჭადრაკში ბაადურ ჯობავა.

დაჯილდოების ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია( ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ვანო კრავეიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი დოლაბერიძე, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ვეტერანი და დევნილი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
 /