საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
პარასკევი, 15 იანვარი 2016
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

სერგო პაჭკორია,თინა ბაბლიძე და გიორგი რატიანი წლების განმავლობაში სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დარამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. მათ ამ თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს. სერგო პაჭკორიას, თინა ბაბლიძისა  და გიორგი რატიანის სამსახიობო ხელოვნება განსაკუთრებული ოსტატობით გამოვლინდა სპექტაკლებში: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ფსკერზე“, „1932 წელი“, „ბრძოლა ტახტისათვის“ და სხვ.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, თავადაც საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა.დიმიტრი ჯაიანმა აღნიშნა: „გარდა იმისა, რომ ეს საღამო ერთად გატარებული წლების გახსენებაა, იმის დასტურიცაა, რომ სოხუმელ მაყურებელს ახსოვს ეს ადამიანები, რომელთა ზურგზეც იდგა სოხუმის თეატრი“.

სერგო პაჭკორიას,  თინა ბაბლიძეს და გიორგი რატიანს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ გოგი ქავთარაძემ,  ხელოვნებათმცოდნემ ნათელა არველაძემ,  რეჟისორებმა: დავით კობახიძემ და სანდრო მრევლიშვილმა, დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა, კომპოზიტორმა გომარ სიხარულიძემ, პოეტმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა გენო კალანდიამ და სხვ. ადამიანებმა, რომელთაც თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი სოხუმის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში.
 
გოგი ქავთარაძემ, 80-იან წლებში  სოხუმის თეატრის მთავარმა რეჟისორმა, რომლის სახელსაც უკავშირდება სოხუმის თეატრის ოქროს ხანა, განაცხადა, რომ „სოხუმის თეატრი იყო ქართველი ერის სადარაჯოზე მდგარი ციხესიმაგრე და ეს მსახიობებიც ამ სადარაჯოზე იდგნენ“... ნათელა არველაძის თქმით, „მაშინ როდესაც დღევანდელ თეატრს პიროვნებები დააკლდა, სოხუმის თეატრი სწორედ პიროვნებებით გამოირჩეოდა და ამის საუკეთესო ნიმუში იყო სერგო პაჭკორია“. დამსწრეთ უჩვენეს ფრაგმენტები იუბილარი მსახიობების მიერ განსახიერებული სპექტაკლების ჩანაწერებიდან.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრეთ თეატრის დღე მიულოცა და აღნიშნა: „ეს დღე  ყველა თეატრალისთვის სანუკვარი დღესასწაულია. თეატრი ხომ ადამიანებისთვის მუდამ იყო იმედის, განახლების, სიხარულის, მრავალფეროვანი განცდის სამყარო. განა შეიძლება გაიხსენო აღელვების გარეშე სოხუმის თეატრი და მისი დასი, რომელთან ერთად გადავიტანეთ ყველა ჭირ-ვარამი. სოხუმის თეატრი სახელოვნად განაგრძობს სიცოცხლეს საქართველოს დედაქალაქში. შეიძლება უჭირს, სტკივა, ბევრი რამ აკლია, მაგრამ სიმტკიცე, პროფესიული თავმოყვარეობა, მაყურებლის სიყვარული, საკუთარი კუთხისადმი ერთგულება მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომაც არის მუდამ წარმატებული მისი სპექტაკლები და პრემიერები. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს დღევანდელ დღეს საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის იუბილე. მათ მიერ განსახიერებული როლები დაუვიწყარია. მინდა მათ უდიდესი მადლობა მოვახსენო  გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის. დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ასევე სოხუმის წარმატებული მოზარდ-მაყურებელთა თეატრი. მახარებს ისიც, რომ ყველას გვჯერა სოხუმში ერთად დაბრუნების“.
 /