აფხაზეთის მხატვრებმა წლის საუკეთესო ნამუშევრების დაჯილდოება და ალბომის პრეზენტაცია გამართეს
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ფერწერაში, გრაფიკასა და  გამოყენებით ხელოვნებაში აფხაზეთის მხატვრების 2015 წლის საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დააჯილდოვეს.

წლის საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენას უკვე მეორე წელია, რაც ტრადიციული ხასიათი მიეცა. აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის ალექსანდრე ხუბუას თქმით, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციებში - წლის საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი გაიმარჯვა დავით ბაძაღუამ, წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი -  ნინო ჭედიამ, ხოლო წლის საუკეთესო ნამუშევარი გამოყენებით ხელოვნებაში  - ნანა ფანგანმა.

აქვე გაიმართა ალბომის - „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“ პრეზენტაცია. ალბომი მოიცავს აფხაზეთის მხატვრების ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას, დეკორატიულ გამოყენებით ხელოვნებას, სცენოგრაფიას. მისი დიზაინერია მხატვარი გოგი წერეთელი. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მხატვარმა  ნუგზარ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ „ალბომში წარმოდგენილია ყველა თაობისა და მსოფლმხედველობის, სახვითი ხელოვნების განსხვავებული ჟანრისა და მიმართულების მხატვართა ნაწარმოებები. მისი გამოცემა მიზნად ისახავს დევნილობის მძიმე პირობებში მყოფ მხატვართა შემოქმედების პოპულარიზაციას და მათი ხელოვნების წარმოჩენას“.

გამარჯვებულებს წარმატება და აფხაზეთის მხატვრებს ალბომის გამოცემა მიულოცა აფხაზეთის  ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და განაცხადა: „ყველა მხატვარს ვულოცავ ამ არაჩვეულებრივი ალბომის გამოცემას, რომელიც აფხაზეთისკენ გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ვისურვებდი, რომ მალე აფხაზი და ქართველი მხატვრების ერთობლივი ალბომი გამოგვეცეს“. 

საღამოს დევნილი და არადევნილი შემოქმედებითი ინტელიგენციისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  /