კულტურის სტრატეგიის დოკუმენტში აფხაზეთის შესაბამისი საკითხებიც აისახა
ოთხშაბათი, 3 თებერვალი 2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, ვიდრე მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებდეს, თბილისსა და რეგიონებში დოკუმენტის საჯარო პრეზენტაციები დაიწყო.

3 თებერვალს საქართველოს კლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაინი დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა.მან დამსწრეთ გააცნო დოკუმენტზე მუშაობის პროცესი, რომელიც 2015 წლის დასაწყისიდან კულტურის სტრატეგიის გზამკვლევის შემუშავებით დაიწყო.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა წარადგინა კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სტრუქტურა - ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, მოსალოდნელი შედეგები, მიზნები და ამოცანები.

ამ პროცესის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პირველ ეტაპზე არაერთი შეხვედრა გამართა კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვ. შეხვედრები გაიმართა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა დაკულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. მათ მონაწილეობა მიიღეს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში და საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს დოკუმენტის სტრატეგიული მიმართულებებისა და ამოცანების თაობაზე. აქედან გამომდინარე, დოკუმენტის პრეზენტაციისას ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ გიორგაძეს კულტურის სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩართვისა და აფხაზეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების დოკუმენტში გათვალისწინებისათვის.

დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, მისი სამუშაო ვერსია განთავსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (www.culturepolicy.ge), ვიკიპედიაზე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით,  კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

 
 
 
 
 /