დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 72 წლის გახდებოდა
ორშაბათი, 7 მარტი 2016
აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მან ქალაქი არ დატოვა.

სოხუმში შემოჭრილმა შეარაღებულმა დაჯგუფებებმა ის ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ჟიული შარტავა წამითაც არ შეპუებია მტერს, თავი არ დაუხრია, ის გმირულად შეხვდა სიკვდილს. ჟიული შარტავას  სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 მოგვიანებით ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.  
ჟიული შარტავას ფენომენზე მისი თანაკლასელი ცნობილი მწერალი ჯემალ აჯიაშვილი წერდა:
„ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.

საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა“.  

ჟიული შარტავა დაიღუპა ისეთი საქართველოსთვის ბრძოლაში, როგორზეც ის ოცნებობდა:
,,...მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ,  სადაც  პიროვნების სრული თავისუფლება იქნება და, ამასთანავე,  იქნება  წესრიგი, იზეიმებს კანონი, მომხრე ვარ ისეთი საქართველოსი, რომელსაც ექნება საკუთარი ძლიერი ეკონომიკა და აღმავალი სულიერი სფეროები, საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, საგარეო - პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები,  მტკიცე და საიმედო საზღვრები,   უზრუნველყოფილი ტერიტორიული მთლიანობა;  საქართველოსი, რომელსაც კარგი დამოკიდებულება ექნება  მეზობლებთან, დანარჩენ მსოფლიოსთან, საიმედო მოკავშირეები ეყოლება; საქართველოსი, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია; ისეთი საქართველოს მომხრე ვარ, რომლის ბედ-იღბალი არ იქნება დამოკიდებული ან ნაკლებად იქნება დამოკიდებული ნებისმიერ კავშირზე“.
 /