ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირში თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს
ორშაბათი, 14 მარტი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2016 წლის11-13 მარტს ქ. თბილისში, ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჩაატარა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალჭიდაობაში.
 ტურნირი გაიმართა 2000-2006 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის 9 წონით კატეგორიაში.
ტურნირში მონაწილეობდა 313 სპორტსმენი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ გუნდებს შორის იყვნენ აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის გუნდები. აფხაზეთიდან წარმოდგენილი იყო ზემო აფხაზეთის გუნდი ოთხი სპორტსმენით და დაბა წყნეთის საჭიდაო ბაზაში არსებული გუნდი 14 სპორტსმენით. აფხაზეთის სახელით სულ 18 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის შვიდმა  სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავა, კერძოდ:მათიაშვილი ნიკა - მე-2 ადგილი 58 წონით კატეგორიაში; წიფიანი ლუკა - პირველი ადგილი 63 წონით კატეგორიაში; კანტიძე ბაკო - პირველი ადგილი 69 წონით კატეგორიაში; ჩიქოვანი გიორგი - მე-3 ადგილი 76 წონით კატეგორიაში; გურჩიანი ლუკა - მე-2 ადგილი 29 წონით კატეგორიაში;  წიკლაური გიგა - მე-3 ადგილი 38 წონით კატეგორიაში; ჩიქოვანი დაჩი - მე-3 ადგილი 46 წონით კატეგორიაში.

საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით, მათ შორის 12 წონით კატეგორიაში შესაბამისი მედლები, თასები და დიპლომები უზრუნველყოფილი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, ხოლო 4 წონით კატეგორიაში შესაბამისი პრიზები უზრუნველყო აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციამ და აფხაზეთის მეომართა კავშირმა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობამ საგანგებოდ ამ ტურნირისთვის დააწესა იური ომანაძის და თენგო ბენდელიანის სახელობის პრიზები, რომლებიც 76 კგ წონით კატეგორიაში და მძიმე წონაში გამარჯვებულებს გადაეცათ.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოთარ ბლაგიძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის ოჯახის წევრებმა, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ყურაშვილმა და სხვ.
 /