იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
ღვაწლმოსილი პედაგოგის შალვა შონიას 100 წლის საიუბილეოდ
21.07.2017

წლეულს, 16 ივლისს აფხაზეთში ქართული სიტყვის თავდადებული მოამაგის,  აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის -  შალვა ნესტორის ძე შონიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. შალვა შონია იყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულის მეორე საშუალო სკოლის დამაარსებელი და მრავალი ათეული წლის განმავლობაში ამ სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავი სპეციალისტი, მრავალი თაობის აღმზრდელი და მათთვის მაგალითის მიმცემი.  შალვა შონიას დიდი შრომა და ბრძოლა დასჭირდა კვიტოულში მიმქრალი ქართული სულიერების გასაღვიძებლად და გასაძლიერებლად.

აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ შალვა შონია ტყვედ ჩავარდა.  მერე კი, როცა მისი ტყვეობიდან გამოხსნა მოხერხდა, შალვა შონიას საკუთარი სახლიდან არაფერი წამოუღია  ქართული სულიერი კულტურის უმთავრესი საგანძურის - შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“  გარდა, რაც ქართველი მასწავლებლის გმირობის მაგალითია.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებელი შალვა შონია, სიკვდილის შემდეგ, დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სისტემაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მრავალი თაობის მოსწავლე-ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისა და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისათვის“   საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

შალვა შონიას დაბადებიდან 100 წლის იუბილე წლეულს ქ. წალენჯიხაში, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენის - აბესალომ შონიას მხარდაჭერით,  მასშტაბურად აღინიშნა.  იუბილეს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, რომელმაც ოჯახს ღირსეული წინაპრის იუბილე მიულოცა და საჩუქრად სამინისტროს გამოცემები გადასცა.