იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა
24.05.2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დაწესდა.


საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, „ქართული ხმები. კვარტეტი“, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - მარიკა გულორდავა და სალომე ჯიქია, კონცერტმაისტერი თემურ ელიავა, მომღერლები ირმა სოხაძე და მაია ჯაბუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური საჩუქარი გადასცა.


საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი, თავის პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა.  გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ:
შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება - გენო კალანდია. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი.
საუკეთესო სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი. მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში,მსოფლიო თასის მფლობელი ფარიკაობაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე.
წარმატებული ექიმი - რეზო სულუხია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საუკეთესო მასწავლებელი - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
საუკეთესო ფერმერი - ედიშერ გულბანი.


თეატრის დარბაზში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაზეთი „ჩემი აფხაზეთი“ დარიგდა, ფოიეში კი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.