იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი ჯუმბერ ყოლბაია
24.12.2017

ჯუმბერ ყოლბაია დაიბადა 1944 წელს გალის რაიონში, მუსიკალურ ოჯახში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ მუსიკის მოყვარულები. ჯუმბერი პირველად გალის სკოლაში დადგა გუნდის წინ და სწორედ აქედან დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა. გალში მომღერალთა გუნდის მოსასმენად ჩამოსულმა კომპოზიტორმა მიხეილ ჩირინაშვილმა მოისმინა რა ჯუმბერის ნამღერი, მშობლებს სთხოვა იგი სასწავლებლად თბილისში გაეგზავნათ. მართლაც, 1961 წელს ჯუმბერ ყოლბაია თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ჩაირიცხა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე, რომელიც 1965 წელს წარმატებით დაასრულა. მალევე მუშაობა დაიწყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში სოლისტ-მომღერლად, სადაც გაიცნო ჰამლეტ გონაშვილი. სწორედ მან შეასწავლა ჯუმბერს ქართლ-კახური სიმღერები. ერთწლიანი მომზადების შემდეგ, 1966 წელს ჯუმბერ ყოლბაიამ თბილისის ს. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.

ჯუმბერ ყოლბაია 1972 წლიდან ანსამბლ „რუსთავის” ქორმეისტერ-მომღერალია. ამ ანსამბლში ის 15 წელი მუშაობდა. მის მიერ ჩაწერილი სიმღერები: მეგრული „ნანა”, „კუჩხაბედინერი”, „აფხაზური,“ „ურმული“ პირველად სწორედ ანსამბლ „რუსთავში“ აჟღერდა. 1983 წლიდან ჯუმბერ ყოლბაია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვოკალურ ანსამბლ „ფაზისის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. ანსამბლი „ფაზისი“ წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. ჯუმბერის ხელმძღვანელობით ანსამბლმა ხალხური სიმღერების ორი ფირფიტა გამოსცა.

1972 წლიდან ჯუმბერ ყოლბაია რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში საქმიანობს. მის მიერ აღზრდილი მუსიკოსები ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ის ერთხანს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო, ბოლო წლებში კი მისი მთავარი დირიჟორი.

2016 წელს ჯუმბერ ყოლბაიას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. ქართულმა კულტურამ მისი ამქვეყნიდან წასვლით დიდი დანაკლისი განიცადა, დიდი დანაკლისი განიცადეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და მისმა მსმენელებმა.

ნათელში იყოს მისი სული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 
განათლებისა და კულტურის სამინისტრო.