იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნას პატივი მიაგო
23.04.2018

23 აპრილს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსისა და მექანიკოსის, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 111 წელი შესრულდა. დიდი მეცნიერი 1907 წლის 23 აპრილს აფხაზეთში, სამურზაყანოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შეშელეთში დაიბადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ თარიღს ყოველთვის საინტერესოდ ეხმიანება და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. სამინისტროს მიზანია, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს დიდი ქართველი მათემატიკოსის ღვაწლი გააცნოს, მისადმი პატივისცემა და მათემატიკისადმი სიყვარული ჩაუნერგოს. 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერის ხსოვნას.

ნიშანდობლივია, რომ შარშან ილია ვეკუას 110 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ მთავრობამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია დააწესა. 

გარდა ამისა, ამავე თარიღისთვის ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას აკადემიკოს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. წლეულს ხსენებულმა სკოლამ ილია ვეკუას დაბადების დღე განსაკუთრებულად, ილია ვეკუას კვირეულით აღნიშნა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში საგანგებო შეხვედრები, კონკურსები, ოლიმპიადა და ა.შ. გაიმართა.