იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
27 სექტემბერს - ჯვართამაღლებისა და აფხაზეთის დაცემის 25-ე წელს ქ. თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათზე ჯვარი აღიმართა
27.09.2018

27 სექტემბერი - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეა. სოხუმის დაცემა სწორედ ამ დღეს დაემთხვა. გოლგოთის გზაზე შემდგარ აფხაზეთის მოსახლეობას დღემდე არ ტოვებს იმედი, რომ გოლგოთასა და ჯვარცმას... აღდგომა და ამაღლება მოჰყვება. ამგვარი იმედითა და რწმენით გასრულდა აფხაზეთის წართმევის 25 წელიც.

ქართველი ერისთვის ამ ტრაგიკულ დღეს გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გვირგვინებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავები.

ამავე დღეს, როგორც ჯვართამაღლების დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.

ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით 12 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ერთდროულად დაირეკა ზარი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

დღის ბოლოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი" გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად დანგრეული და დამწვარი შენობების ფოტოები.

ღონისძიება ფონდ „არტექოს" და მისი დამფუძნებლის დალი უბილავა-დე გრააფის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით გაიმართა.