იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
სიახლეები
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეტრმა და მისმა დამაარსებელმა, რეჟისორმა გიორგი რატიანმა იუბილე აღნიშნეს
05.02.2019

4 თებერვალს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ,,თეთრი ტალღა" დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო საღამო ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ მინიატურული დადგმით გაიხსნა (რეჟისორი გიორგი რატიანი). შემოქმედებითი საღამოს მსვლელობისას თეატრის დამაარსებელმა გიორგი რატიანმა მოიგონა, თუ რა რთულ პირობებში დააფუძნა მან 1988 წელს თეატრი, თუ როგორ გადააკეთეს იმ დროისთვის სოხუმის მასწავლებელთა სახლის კინოდარბაზი თეატრის სცენად და დადგეს პირველი სპექტაკლი იოზებ კალაბის პიესის მიხედვით - „ჩვენი ეზო“. სპექტაკლის პრემიერა 1991 წლის 10 მაისს გაიმართა. თეატრს კიდევ ერთი პრემიერა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 14 აგვისტოს ომი დაიწყო და თეატრის სოხუმური ცხოვრება გაწყდა... საიუბილეო საღამოზე უჩვენეს გიორგი რატიანის მიეს შესრულებული როლების რეტროსპექტივა,

საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა თეატრის საქმიანობის კულტურული როლი და მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი რატიანსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიხეილ რატიანს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ მიხეილ რატიანსა და გიორგი რატიანს, ასევე, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა.

,,თეთრი ტალღის” მსახიობები სხვადასხვა ნომინაციებით დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გიორგი რატიანს გაწეული საქმიანობისათვის და ისურვა: ძალიან მალე ერთად ჩავსულიყავით სოხუმში და გვეთქვას: ,,გამარჯობა, სოხუმო!“

საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გიორგი რატიანს „სერგო ზაქარიაძის სახელობის პრემია“ გადასცა, ხოლო თეატრ ,,თეთრი ტალღას“ კი - მადლობის სიგელი. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მიხეილ და გიორგი რატიანებს და თეატრალური დასის მსახიობებს სხვადასხვა ჯილდოები გადასცა.

თეატრისა და გიორგი რატიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს ასევე მეუფე დანიელმა, მწერალმა გურამ ოდიშარიამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სხვ.

დასასრულ, თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლი ,,გამარჯობა, სოხუმოს!“ ავანსცენაზე გადაჭიმული გემის ბაგირთან საფინალო სცენა გაითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ბაგირთან მდგარმა არაერთმა თაობამ იცის, რა განუმეორებელი იყო აფხაზეთი და ისინიც მოუთმენლად ელოდებიან იქ დაბრუნებას. ამ თეატრის უმთავრესი მისიაც ეს არის: ახალგაზრდობას არ დაავიწყოს სოხუმი და იქ დაბრუნებისთვის შეამზადოს!