იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
სიახლეები
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალგარემონტებული დარბაზი გადაეცა
13.02.2019

გუშინ თბილისში მდიდარი წარსულისა და უდიდესი თეატრალური ტრადიციების მქონე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალგარემონტებული დარბაზი გაიხსნა. 25 წლის შემდეგ, პირველად თეატრს საკუთარი შენობა, ასევე, 254 ადგილიანი დარბაზი, კეთილმოწყობილი სცენა, სარეპეტიციო დარბაზი, საგრიმიორო ოთახები და საშხაპეები აქვს.დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაშია განთავსებული.

დარბაზი ასევე დაეთმობა სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრს და სხვა დევნილ შემოქმედებით კოლექტივებს. ეს შენობა ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრად იქცევა რომლის მიზანი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარებაა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, სოხუმის თეატრის ოქროს ხანად წოდებული პერიოდის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქავთარაძემ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთიასიაშვილმა. გამომსვლელებმა გაიხსენეს თეატრის სოხუმში მოღვაწეობის მდიდარი ისტორია, ასევე, მათ მიერ დევნილობაში გატარებული ის პერიოდი, როდესაც საკუთარი დარბაზის უქონლობის გამო შეკედლებულნი იყვნენ მარჯანიშვილის, რუსთაველის, ახმეტელის, სამეფო უბნისა თუ თავისუფალ თეატრებში და სპექტაკლების გამართვა მათ სცენებზე უწევდა.

„დიდი სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხადო, რომ შენობას, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც ქართულ-აფხაზური კულტურის კერას. დღევანდელი დღე - 2019 წლის 12 თებერვალი - სოხუმის თეატრის უახლეს, 25-წლიანი დევნილობის ისტორიაში განსაკუთრებულ და ღირსშესანიშნავ თარიღად შევა - დღეიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საკუთარ სპექტაკლებს აქ, ამ კეთილმოწყობილ დარბაზში, ანუ საკუთარ სცენაზე წარმოგვიდგენს.
სოხუმის თეატრის სცენაზე წლების განმავლობაში მრავალი გამოჩენილი მსახიობი მოღვაწეობდა, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო დიმა ჯაიანი. წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდა იგი დღეს, რა ცეცხლს დაანთებდა მის ამ დიდი ხნის ნაოცნებარ სცენაზე და როგორი ემოციით, ცრემლნარევი ხმით შემოსძახებდა ყველა დროისა და ეპოქის ქართველისა და აფხაზის გასაგონად - „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.

ვულოცავ ამ დიდებულ დღეს თეატრალური დასის თითოეულ წევრს, მის ხელმძღვანელობას და თითოეულ თქვენგანს, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ“.

შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით პატრიოტული იდეოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს განსაკუთრებული ჯილდო „მაჩაბელა“ მიენიჭა.

სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) სოხუმის თეატრს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვის წერილი წაიკითხა.

საღამოზე ნაჩვენები იყო სოხუმის დრამატული თეატრის შესახებ 1953 და 1983 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმები. საზეიმო ცერემონიალში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლიმა „აფხაზეთი“, ანსამბლმა „ფორტემ“, „თეატრალურმა კვარტეტმა“, ნეკა სებისკვერაძემ, ნუკრი კაპანაძემდა სოფო ბათილაშვილი მონაწილეობდნენ.
საღამოს ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სოხუმის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, მსახიობმა გოგი ქავთარაძემ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს ახალი დარბაზის სიმბოლური გასაღები გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით დარბაზს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სახელი მიენიჭა.
თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო.