იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
სიახლეები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა
20.02.2019

სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ 2018 წელს სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარადგინა.

კერძოდ, მანანა ქვაჩახიას მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარი იყო სამინისტროს უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა შორის განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:

სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ზონის სკოლების წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების შესწავლა და მათი მოგვარებისთვის ზრუნვა. გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დარღვევის ფატებზე გამოხმაურება და ამის თაობაზე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ საზოგადოების ინფორმირება; აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების  ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ  2018 წელს დააფინანსა  აფხაზეთიდან დევნილი 180 წარმატებული ახალგაზრდა. თუ 2018 წელს შესაბამისი ბიუჯეტი შეადგენდა 90 ათას ლარს, შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, ეს თანხა 2019 წლისთვის თითქმის გაორმაგდა და 150 ათასით განისაზღვრა. ამ თვალსაზრისით იყო საუბარი გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

ხარისხიანი განათლების მიღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სკოლების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, გასულ წელს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების შენობების შეკეთება, სპორტული დარბაზების რეკონსტრუქცია, სველი წერტილების მოწესრიგება, მათი ინვენტარით, თვალსჩინოებებითა და სხვ. უზრუნველყოფა, სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება და ა. შ.

აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულ ენასთან ერთად მეორე სახელმწიფო ენაა. აქედან გამომდინარე, მის დაცვა-განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაა და სამინისტრომ მთელი წლის განმავლობაში კვლავინდებურად ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: შეიქმნა აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების თანადაფინანსება, აგრძელებდა აფხაზური ენის პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამას და ა. შ. თქვა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში კიდევ უფრო ღრმავდება აფხაზური ენის სწავლება, აფხაზურ ენას ეუფლება 300-მდე მოსწავლე.  

2016 წლიდან აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციისა და ახლებურად გააზრების მიზნით, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდებისთვის დაწესდა ჟიული შარტავასა და  დიმიტრი (არზაყან ) ემუხვარის სახელობის სტიპენდიები. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტების წახალისების მიზნით კი, კონკრეტულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია. შესაბამისად, უკვე გვყავს პირველი სტიპენდიანტები, რაც სხვებისთვის სტიმულისა და მაგალითის მიმცემია.

სამინისტრომ შარშან დაიწყო და წლეულსაც აგრძელებს საინფორმაციო ბანკის შექმნას აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებზე. ამ პროექტის ფარგლებში კი გამოსცა კრებული „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ (პირველი ნაწილი), რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდას აერთიანებს.

სამინისტროსთვის ასევე პრიოტიტეტულია  „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის  მიზანია აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე მეცნიერების ხელშეწყობა, მათი კვლევების წარმოჩენა და ყოველივე ამის ამსახველი კრებულების გამოცემა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების სრულყოფილად ჩატარებისა და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში მათ  მივლინებას.

უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას. 2018 წელს სამინისტროში კონკურსის წესით სტაჟირება გაიარა 5 სტუდენტმა. მათგან ერთი გამორჩეულად წარმატებული სტაჟიორი სამინისტროში დასაქმდა კიდეც.

ცალ-ცალკე და გამოკვეთილად ითქვა ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისა და მასში შემავალი სიიპ-ების: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და სხვ. საქმიანობაზე და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

კერძოდ, კი, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ აღიარებულ, მაღალი საშემსრულებლო ხელოვნების მქონე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა კეთილმოწყობილი, კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოყვანილი აკუსტიკის მქონე სარეპეტიციო დარბაზი; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს მიენიჭა სტატუსი - აკადემიური; სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ დაარსებიდან 30 წლისთავი იზეიმა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 25 წლიანი ლოდინის შემდეგ სოხუმის სახელმწიფო თეატრს გადაეცა დიმიტრი ჯაიანის სახელობის ახლად გარემონტებული დარბაზი.

ითქვა ამავე სამსახურის მიერ „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა“ და „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის“ პროგრამებზე.

საინტერესოდ წარმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები, მათ შორის  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმის შექმნა;   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების  რუკის შედგენა და დაბეჭდვა; სამეცნიერო კონფერენციის - კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში“ ჩატარება და შესაბამისი კრებულის გამოცემა; აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ  და ამ მიზნით ლევან რჩეულიშვილის წიგნის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“ და ალბომის - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი - (მოკლე მიმოხილვა)“ გამოცემა და სხვ.

ასევე ვრცელი და მრავალმხრივი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საქმიანობის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამას, ტურნირებსა და აფხაზეთის  ღია პირველობებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოების ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ მასშტაბურ ცერემონიალს და სხვ.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამომცემლო საქმიანობაზე და შესაბამის პრიორიტებებზე.

მანანა ქვაჩახიას მოხსენების შემდეგ დამსწრეთ გამოთქვეს აზრი და ზოგიერთი საკითხის დაზუსტების მიზნით მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს. სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა მოსმენილი ანგარიში, შესაბამისად, სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად განხორციელებული  პროექტებისა და პროგრამების შედეგები მიმოიხილა და განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით მომავალში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გასატარებელ საქმიანობაზე ისაუბრა.

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018წლის ანგარიში იხილეთ ბანერზე.