იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
16.04.2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

საღამოს უძღვებოდა მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე. გენო კალანდიას პოეზიაზე, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მწერლებმა მაკა ჯოხაძემ, გურამ ოდიშარიამ და რეზო ამაშუკელმა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა.

გენო კალანდიას ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა ელდინო საღარაძემ, მურმან ჯინორიამ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა. მუსიკალური ნომრები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ნასამბლმა „აფხაზეთმა“, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, ჯანსუღ კახიძის სახელობის ორკესტრის კვარტეტმა და სხვ.

ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი. გარდა ამისა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საგანგებოდ ამ მოვლენისთვის გენო კალანდიას სონეტების კრებული გამოსცა.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები, დევნილი და არადევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.