იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
ბაბუშერიდან გადმოსვენებული ქართველი მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
07.03.2016

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მეომრის იდენტიფიცირება მოხდა. იდენტიფიცირების შემდეგ  ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

ბაბუშერის ძმათა სასაფლაოზე სამარხების გახსნის შემდეგ  ნეშტების იდენტიფიცირება მოხდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.  იდენტიფიცირების შედეგად აღმოჩნდა, რომ გადმოსვენებული მეომრები არიან: ავთანდილ ბარბაქაძე, ბადრი გამგებელი, გოჩა ჭელიძე, ავთანდილ დაჩიბერიძე, ელგუჯა გოცირიძე, ზაქარია ყაყაჩოველი, ემზარ ხაინდრავა, ზურაბ ოქრუაშვილი, ამბროსი სოლოღაშვილი, დავით ჟორჟოლიანი.

ამ ეტაპისთვის უკვე 31 ცხედარია იდენტიფიცირებული და თბილისში ძმათა სასაფლაოზე ან საოჯახო საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალული. უახლოეს მომავალში კიდევ ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებული 12 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდება. ნეშტების გადმოსვენება წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის მეშვეობით ხერხდება. ჯგუფი 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამოძიების საკითხს სწავლობს.

6 მარტს აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ათი მეომრიდან ექვსი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაასაფლავეს, ოთხი კი ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.
  
ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებული10 მებრძოლის ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებული10 მებრძოლის ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მადლობას ვწირავთ ყველას, ვინც დღევანდელი გადმოსვენების საკითხში მონაწილეობა მიიღო. მნიშნელოვანია, რომ დედების ერთ ნაწილს საკუთარი შვილის ამოცნობის საშუალება მიეცა.

მინდა კიდევ ერთხელ ვანუგეშო ჩვენი დედები და მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდებულ ქალბატონებს, მათ მეუღლეებს იმისათვის, რომ მათ ბრწყინვალე ჭაბუკები აღზარდეს. ამ ბიჭებმა ხომ საკუთარი სიცოცხლე უშურველად გაიღეს სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის, ხვალინდელი დღისთვის. კიდევ ერთხელ მუხლს ვიყრით ამ ბიჭების სულების წინაშე. მადლობა მათ დედებს, რომლებიც დღესაც იბრძვიან სიცოცხლისათვის თავისი შვილებისა და შვილიშვილების საკეთილდღეოდ. ღმერთი იყოს მათი შემწე და მფარველი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უდიდესი წვლილი მეომრების გადმოსვენების საკითხში. მადლობა მათ ამისთვის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სამოქალაქო პანაშვიდს აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.