იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
საქართველოს სახალხო არტისტი დიმა (დიმიტრი) ჯაიანი 69 წლის გახდებოდა
20.08.2019

საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თატრის წამყვანი მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ათეულობით წლების განმავლობაში, 2013–2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი 20 აგვისტოს 69 წლის გახდებოდა.

პიროვნული ხიბლით გამორჩეული, ქარიზმატული, გამოკვეთილი ინდივიდუალობისა და ცხადი თვითმყოფადობის მქონე მსახიობი, ასეთი უყვარდა და ეძვირფასებოდა დიმიტრი ჯაიანი მის ერთგულ მაყურებლებს. მის მიერ განსახიერებული საინტერესო და მრავალფეროვანი სახეებიც სოხუმსა თუ თბილისში მკვეთრი ქართული სათქმელით იყო აღბეჭდილი და ქართული თეატრის საგანძურში დარჩება მარად.

დიმიტრი ჯაიანი იყო უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს როგორც როლებით, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოხატავდა. მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება სოხუმის თეატრს უკავშირდებოდა, რაც ძალიან ეამაყებოდა. სცენიდან ხშირად აცხადებდა კიდეც, რომ მას სოხუმის თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავია. სოხუმის თეატრის დევნილობაში ფეხზე დაყენებისა და მისი წინამძღვრობის მისიაც, იმ უმძიმეს პერიოდში, განგებამ მასვე დააკისრა.

ცალკე უნდა აღინიშნოს დიმიტრი ჯაიანის როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლი. აქ მუშაობისას განსაკუთრებულად გამოიკვეთა მისი მენეჯერული ნიჭიც. მან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე და თავისებური ხიბლი შესძინა აფხაზეთიდან დევნილი კულტურული კოლექტივებისა და ხელოვანების შემოქმედებით საქმიანობას. მასზე კიდევ ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ისედაც ბევრს ამბობს მის მიერ განვლილი ცხოვრება.

აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ისაკლისებს დიმიტრი ჯაიანს. ნათელში იყოს მისი სული.