იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
სიახლეები
ია მაისაიას სიმღერების ალბომის „აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ პრეზენტაცია გაიმართა
04.10.2019

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში ცნობილი სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის ია მაისაიას სიმღერების ალბომის „აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ პრეზენტაცია გამართა. კომპაქტ-დისკი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გამოსცა. სიმღერები მარიკა ქაცარავასა და „სანო“-ს ხმისჩამწერ სტუდიებში ჩაიწერა. ალბომში წარმოდგენილია კომპოზიტორის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებები.

კულტურის დარგში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ია მაისაია დაჯილდოვებულია: ღირსების ორდენით; გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და სხვ. მისი შთაგონების უპირველესი წყარო მშობლიური აფხაზეთია და შესაბამისად, არერთი სიმღერა აქვს მისთვის მიძღვნილი.

პრეზენტაციაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ია მაისაიას სიმღერების ალბომის გამოსვლა მიულოცა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა. აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ ია მაისაია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა კი ის ნაყოფიერი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, დიპლომით - „თამარ დედოფლის ენდალმა“ დააჯილდოვა.

ია მაისაიას შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრეს: მუსიკათმცოდნემ მაია დათუნაშვილმა, პოეტებმა მზია ხეთაგურმა, მაია კახიძემ და თამარ შაიშმელაშვილმა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ქარდავამ. ღონისძიებას მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი უძღვებოდა.

საღამოზე, მუსიკალურ კრებულში შესულ სიმღერებს ასრულებდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ბოკა კვეკვესკირი, თინათინ ჭულუხაძე, მამუკა პავლიაშვილი, ჯაბა მესტვირიშვილი, ანსამბლები: „მუხამბაზი“ და „მეცო“. კომპოზიტორი ია მაისაია საღამოზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდა და თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

სიმღერების ალბომის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქართული ინტელიგენციისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.