იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
ღვაწლმოსილი პედაგოგის ნაპოლეონ მესხიას ხსოვნას
19.09.2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო  ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ  მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ნაპოლეონ მესხია. ნაპოლეონ მესხია დაიბადა 1947 წლის 9 მაისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.

ნაპოლეონ მესხიამ 1966 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან პედაგოგიური საქმიანობა მშობლიური ახალი კინდღის საშუალო სკოლაში დაიწყო, ხოლო 1985 წლიდან სოფელ არადუს საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა. მალე არადუს საშუალო სკოლა, ნაპოლეონ მესხიას ხელმძღვანელობით, ოჩამჩირის რაიონში  ერთ-ერთ წარმატებულ სასწავლებლად იქცა.

არაჩვეულებრივი ოჯახის მამა, ღვაწლმოსილი პედაგოგი და სოფლის თავკაცი, 1992 წლის აგვისტოდან გახდა აფხაზეთის ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 24-ე ბრიგადის არადუ-მერკულას ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგითი. როგორც მეომარი, ის ბოლომდე იარაღით იცავდა არადუს მშვიდობიან მოსახლეობას. ამ პერიოდშივე ნაპოლეონ მესხია თვალყურს ადევნებდა და ზედამხედველობდა საკუთარი სკოლის ბაზაზე დისლოცირებულ სხვადასხვა სამხედრო შენაერთს, რათა სკოლის შენობაც დაეცვა და შემოენახა მომავალი თაობისთვის.
1993 წლის სექტემბერში ნაპოლეონ მესხიას უფროსი შვილი ბესიკი ტყვედ აიყვანეს. მას  ერთი თვის განმავლობაში აწამებდნენ, არაერთი ტრამვა მიაყენეს, რის გამოც ბესიკი 27 წლის ასაკში  ქალაქ ქუთაისში გარდაიცვალა. შვილის დაღუპვამ სასტიკად შეარყია მამის ჯანმრთელობა.

1995 წელს, დევნილობის პერიოდში, ნაპოლეომ მესხიამ ქ. ქუთაისში დააფუძნა  ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 საჯარო სკოლა, რომლის აღმშენებლობასაც მან მთელი თავის ცოდნა და გამოცდილება მოახმარა. შვილის დაღუპვით გამოწვეულ ტკივილსაც ნაპოლეონ მესხია  ამ სკოლის კედლებში, მოზარდების აღზრდის პროცესში იშუშებდა. სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი იგი სკოლის ცხოვრებით, საკუთარი მოსწავლეების ბედით იყო დაინტერესებული.

ნაპოლეონ მესხია -  შესანიშნავი პედაგოგი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანი, გმირ და ღირსეულ მამულიშვილად დარჩება აფხაზეთის ქართველი საზოგადოების მეხსიერებაში. ნათელში იყოს მისი სული.