იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
საქართველოს პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
06.03.2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებითა და ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ ინიციატივით 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ,,ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა - 2019“ გაიმართა. ალპინიადის ფარგლებში გაჩნდა ინიციატივა, რომ გამოსულიყო ჟიული შარტავას სახელობის საფოსტო მარკა.

საქართველოს ფოსტამ 2019-2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში ,,ეროვნული გმირი“ ჟიული შარტავას სახელობის მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში შედგა. მარკაზე წარმოდგენილია ჟიული შარტავას პორტრეტი, რომლის ავტორიც მხატვარი თამაზ ხუციშვილია, ხოლო ფონზე გამოსახულია ეროვნული გმირის ორდენი და ჟიული შარტავას სახელობის მთა. მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბაში „Cartor Security Printing“. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა.

პრეზენტაციას უძღვებოდა ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც აღნიშნა: „ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალს, მისივე სახელობის საფოსტო მარკა შეემატა. ჟიული შარტავას, როგორც საქართველოს ეროვნულ გმირს ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი“.

დამსწრე საზოგადოებას ჟიული შარტავას გმირობის მაგალითი და მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დავით გურგენიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა და სხვ.

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ ამ მარკის გამოცემით „ჩვენ შევძლებთ მისი ღვაწლი და დამსახურება გავაცნოთ მთელ მსოფლიოს.“ ლევან ჩიკვაიძემ ჟიული შარტავას სახელობის საფოსტო სასაჩუქრე მარკა გადასცა ჟიული შარტავას მეუღლეს ლია ჯალაღონიას, რომელმაც მადლიერების ნიშნად მეუღლის ნაქონი რამდენიმე ნივთი უსახსოვრა საქართველოს პარლამენტის მუზეუმს, რომელიც მალე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს.

ჟიული შარტავას საფოსტო მარკის გამოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ სიგელები გადაეცათ პარლამენტარებს: ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძეს, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს როინ მეტრეველს. აქვე გაიმართა ჟიული შარტავას ძეგლის ესკიზის პრეზენტაცია, რომელიც მალე ქ. თბილისში დაიდგმება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ქ. თბილისის 62-ე საჯარო სკოლას ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მეგობრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვ.

იხ. Facebook პოსტი.