იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
სიახლეები
დიმიტრი (დიმა) ჯაიანს 70 წელი შეუსრულდებოდა
20.08.2020
საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თატრის წამყვანი მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ათეულობით წლების განმავლობაში, 2013–2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი 20 აგვისტოს 70 წლის გახდებოდა.
 
პიროვნული ხიბლით გამორჩეული, ქარიზმატული, გამოკვეთილი ინდივიდუალობისა და ცხადი თვითმყოფადობის მქონე მსახიობი - ასეთი უყვარდა და ეძვირფასებოდა დიმიტრი ჯაიანი ერთგულ მაყურებელს. მის მიერ განსახიერებული საინტერესო და მრავალფეროვანი სახეებიც სოხუმსა თუ თბილისში მკვეთრი ქართული სათქმელით იყო აღბეჭდილი და ქართული თეატრის საგანძურში დარჩება მარად.
 
დიმიტრი ჯაიანი იყო პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს როგორც როლებით, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოხატავდა. მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება მხოლოდ სოხუმის თეატრს უკავშირდებოდა, რაც ძალიან ეამაყებოდა. სცენიდან ხშირად აცხადებდა კიდეც, რომ მას სოხუმის თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავია. სოხუმის თეატრის დევნილობაში ფეხზე დაყენებისა და მისი წინამძღვრობის მისიაც, იმ უმძიმეს პერიოდში, განგებამ მასვე დააკისრა.
 
ცალკე უნდა აღინიშნოს დიმიტრი ჯაიანის როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლი. ამ თანამდებობაზე ყოფნისას განსაკუთრებულად გამოიკვეთა მისი მენეჯერული ნიჭიც. მან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე და თავისებური ხიბლი შესძინა აფხაზეთიდან დევნილი კულტურული კოლექტივებისა და ხელოვანების შემოქმედებით საქმიანობას. მასზე კიდევ ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ისედაც ბევრს ამბობს მის მიერ განვლილი ცხოვრება.
 
აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ისაკლისებს დიმიტრი ჯაიანს. ნათელში იყოს მისი სული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო