იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბელგიის საკათედრო ტაძარში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
21.11.2016

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობდა. კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საელჩო და „ტაძრის სამეგობრო ფონდი“, რომელიც ბელგიის მეფის ბოდუენის ფონდის (King Baudoin Foundation) წევრია.

აფხაზეთის საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე) ამ კონცერტზე ბელგიელი მუსიკოსისა და დირიჟორის მარიან მიტეას მიწვევით გაემგზავრა. აფხაზეთის კაპელამ კონცერტზე ბელგიის სამმარტინის (Le Sammartini choeur & orchestre) გუნდთან ერთად შეასრულა შუბერტის უდიდესი ნაწარმოები - E flat Mass D 950,5 სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისთვის.
კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ისტორიული ვიტრაჟებიდან ერთ-ერთის - „განკითხვის დღე“ რეაბილიტაციას. საგულისხმოა, რომ საქართველო აფხაზეთის კაპელის სახით ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის - მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა-შენარჩუნების პროცესის მონაწილე გახდა.

ბრიუსელის საკათედრო ტაძარი აშენებულია 1226-1519 წ.წ. და წარმოადგენს გოთიკური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს. საყოველთაოდ ცნობილია მისი ვიტრაჟები, რომლებსაც გამორჩეული ოსტატები XVI-XIX საუკუნეებში ქმნიდნენ. ამ ტაძარში საგუნდო მუსიკის კონცერტების გამართვას 2003 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და იგი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კონცერტს კლასიკური მუსიკის მოყვარულებთან ერთად ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბელგიის სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგუნდო კაპელას ბრიუსელის ვოლუვე სენ პიერის მერიამ უმასპინძლა. გუნდის წევრებს შეხვდა ვოლუვე სენ პიერის მერი, ბენუა კორექსი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ქართული კაპელას მონაწილეობა ბრიუსელის კულტურულ ცხოვრებაში ტრადიციად იქცევა. მერიაში შეკრებილ სტუმრებს საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ სიტყვით მიმართა.

საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპის კულტურული წრეების მხარდაჭერას. ამდენად, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას ზემოთ ხსენებულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კაპელას საქმიანობა, მისი შემოქმედება ეფუძნება და ემსახურება არა ვიწრონაციონალურ ინტერესებს, არამედ საერთო-საკაცობრიო კულტურულ ღირებულებებს.