იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა
20.06.2016

აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაფართოებულ სხდომაზე „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გამართა. სხდომაზე ასევე იმსჯელეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობაზე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის თემა მუდმივად დღის წესრიგში გვაქვს, რითაც კიდევ ერთხელ გვინდა გავაგებინოთ მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ძირძველი აფხაზეთი, რომელიც გარემოებათა გამო დავკარგეთ და ამხელა უბედურება დაატყდა თავს ქვეყანას. ჩვენ ცხადია, არც იმას უარვყოფთ, რომ აფხაზებთან ერთად ვაშენებდით აფხაზეთის კულტურის ძეგლებს, რომლებიც ახლა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და დაცვა სჭირდება. ასევე გვინდა მომავალმა თაობებმა, ახალგაზრდებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ კუთხის შესახებ.“

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ დამსწრეთ წარუდგინა „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“. მან ასევე ისაუბრა რუკაზე დატანილ ძეგლებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე, ამ ფასეულობათა დაცვის მიზნით, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2014 წლის 11 ნოემბრისა და 2016 წლის 24 მარტის სხდომების რეკომენდაციების შესასრულებლად, ამ სამსახურის მიერ გაწეულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის თქმით, „აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია“, რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“. მის შესადგენად სპეციალიტებმა და კომპეტენტურმა ექსპერტებმა ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწიეს. რუკა ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტი რიცხოვნობის წარმოჩენას და სამომავლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს“. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა: „დარწმუნებული ვარ, ამ რუკის გამოცემა ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ უნიკალურ ძეგლებს სპეციალისტების და ექსპერტების დასკვნების გარდა, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რომ დროულად შევძლოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. საგულისხმოა, რომ არსებობს რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია“. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ბოლოს განიხილეს რეზოლუციის ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა შეიმუშაოს ერთი მთავარი მიზნისკენ, საქართველოს გამთლიანებისკენ მიმართული სტრატეგიული გეგმა, სადაც განხილული საკითხები ფართოდ აისახება. მეტი ინფორმაცია და ცოდნა უნდა მიიღონ ახალგაზრდებმა აფხაზეთის შესახებ. საერთაშორისო პარტნიორები მეტად ინფორმირებულები და ჩართულები უნდა იყვნენ სამშვიდობო პროცესებში, ამისთვის კი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის სხდომებიც 1-5 ივლისს თბილისში გაიმართება.

დასასრულ მოწვეული უწყების წარმომადგენლებს დაურიგდათ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“.