იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
წებელდის ციხის კომპლექსში შემავალი VII-IX საუკუნეებით დათარიღებული ეკლესიის განადგურების გამო
06.01.2017

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო  ღრმა გულისტკივილსა და შეშფოთებას გამოთქვამს 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსული სამხედრო პოლიგონის მშენებლობის მიზეზით, ისტორიულ-არქიტექტურულ ნაგებობებზე  განხორციელებული მორიგი ვანდალური აქტის გამო. როგორც გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება, დანგრეულია და ბულდოზერით მიწასთან არის გასწორებული წებელდის ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9-ე საუკუნეებით დათარიღებული ეკლესიის ნაშთები, ასევე XIX-XX  საუკუნეებში აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაო.

საგანგაშოა, რომ მიწისაგან პირისა აღიგავა ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად მივაგებდით პატივს იქ მცხოვრები ქართველები, აფხაზები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ამ ვანდალიზმის შედეგებს ამძაფრებს ისიც, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიცვალებულთა ნაშთები ირგვლივ არის მიმობნეული. ყოველივე ამას ადასტურებენ აფხაზური საინფორმაციო საშუალებებიც.

ცნობისათვის, XIX საუკუნის I ნახევარში აფხაზეთში მდგარი რუსის ჯარის 10 პროცენტს პოლონელები შეადგენდნენ. ჯარში მრავალი წლის სამსახურის შემდეგ ისინი აქვე ქორწინდებოდნენ და სახლდებოდნენ. 1840 წელს სოფ. წებელდაში ცხოვრობდა რამდენიმე ათეული პოლონური ოჯახი. პოლონელებმა განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთში ბუნებათმცოდნეობის მეცნიერების განვითარებაში. თანდათან პოლონელების დასახლება იზრდებოდა, მათ ამავე პერიოდში ააგეს ეკლესია, ხოლო მის არემარეში კრძალავდნენ თავიანთ მიცვალებულებს. სწორედ, ამ ეკლესიის ნაშთები და პოლონელების ეს საფლავები იქნა განადგურებული XXI საუკუნეში.

აღმაშფოთებელია ასევე ფაქტი, რომ ანაკოფიის ციხის ტერიტორიაზე განხორციელდა XIX სუკუნეში ბერების მიერ აგებული კედლის მოშლა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ეკლესიების 80 - მდე ჩუქურთმოვანი და რელიეფუrი ქვებით იყო ნაგები. ეს არტეფაქტები ეკუთვნოდა ამ არეალში სხვადასხვა ეპოქაში არსებულ ტაძრებს, სწორედ ამ კედლის წყალობით გადაურჩნენ ისინი დაკარგვას და მოაღწიეს ჩვენამდე. ამჟამად გვაქვს ინფორმაცია, რომ კედლის დემონტაჟი განხორციელდა ყოველგვარი წესების დარღვევით, ეს არტეფაქტები გადატანილ იქნა ახალი-ათონის მუზეუმში, თუმცა დაშლის პროცესში დაზიანებისა და შემდგოში მათი დაკარგვის ალბათობა ძალზედ მაღალია.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას,  ხმა აიმაღლოს აღნიშნული ვანდალური ფაქტების გამო, რათა აფხაზეთში დღემდე შემორჩენილი  სხვა ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობები და  საფლავები მსგავსი ქმედებების მორიგი მსხვერპლი არ გახდეს.