იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
პოეტ გენო კალანდიას ხსოვნას
16.03.2017

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი გენო კალანდია.

აფხაზეთში დამბრუნებელთა რიგს კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გამოაკლდა, ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის მქონე პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.

გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან.

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში, ხოლო მისი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მისი პიესები ასევე იდგმებოდა საქართველოს სხვა თეატრებში. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული", "ორტომეული", "საგალობლები უფლისათვის“. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა "საგალობლების" ორტომეული, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, "სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს" წარმოადგენს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. "საგალობლებით უფლისადმი" პოეტმა თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყიველდღე აღსარებას აბარებდა თვით უფალს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად შემზადებული გადავიდა ზეციურ საქართველოში.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში , სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. ის თავის დროზე ასევე იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე.

თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!

 

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
 განათლებისა და კულტურის სამინისტრო